უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. განვიხილეთ დამატებითი სანქციები, ვითარება ბრძოლის ველზე და ვისაუბრეთ საზღვაო გზით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შენარჩუნების მნიშვნელობაზე", - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გასცეს "საერთო და გადამწყვეტი პასუხი რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის თავხედურ მცდელობაზე".
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მდგრადი თავდაცვისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
"მოხარული ვიყავი პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვების მოსმენით, რომ ჩვენი სამხედროები შთააგონებენ მთელ მსოფლიოს, ჩვენი ხალხი შთააგონებს მთელ მსოფლიოს და ეს ნამდვილად ასეა: ჩვენი გამარჯვება ამ ომში აჩვენებს, რამდენად ბევრის გაკეთება შეუძლია უკრაინას თავისუფლების გლობალური სიძლიერისთვის, დემოკრატიის გლობალური სიძლიერისთვის", - წერს ზელენსკი.
მანამდე, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონი დოლარია. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის HIMARS-ის სისტემები შედის.